დიჟონში სპეცრაზმელთა რაოდენობა გაზარდეს ჩეჩენი და აფრიკელი იმიგრანტების კონფლიქტის გამო

პოლიციის სპეცრაზმი დიჟონში

საფრანგეთის მთავრობამ სპეცრაზმელთა დამატებითი ჯგუფები გაგზავნა ქალაქ დიჟონში, სადაც მასობრივ არეულობებში გადაიზარდა ჩეჩენი და ჩრდილოეთ აფრიკელი იმიგრანტების კონფლიქტი.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უსაფრთხოების ძალების პასუხი უკიდურესად მკაცრი იქნება, მიმდინარე გამოძიება კი არეულობების ინიციატორთა ყველა დანაშაულს გამოავლენს.

წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზად იქცა 12 ივნისს, დიჟონის გრეზილის გარეუბანში ჩრდილოეთ აფრიკელების თავდასხმა 16 წლის ჩეჩენ ბიჭზე.

მასობრივი არეულობებისას, რომლის დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიც იყო გამოყენებული, სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი პირები დიჟონის ქუჩებში ბარიკადებს აგებდნენ და ავტომანქანებს და ნაგვის ურნებს წვავდნენ. პოლიციამ სულ მცირე 4 პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დიჟონში ჩეჩნების მხარდასაჭერად ჩავიდნენ მათი თანამემამულეები საფრანგეთის სხვა ქალაქებიდან, გერმანიიდან და ბელგიიდან.