თურქეთის თქმით, მისი ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა ირანის მიმართულებიდან ცეცხლის შედეგად

თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი (მარჯვნივ) თურქეთის შეიარაღებული ძალების სარდლობასთან ერთად განიხილავს PKK-ს წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციას. ანკარა, 2020 წ. 17 ივნისი.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ თურქეთის ერთი ჯარისკაცი მოკლეს და ორი დაიჭრა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვართან, მას შემდეგ, რაც მათ ირანის მხრიდან გაუხსნეს ცეცხლი.

სამინისტროს მიერ 24 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში არაა ნახსენები, ვინ ესროლა თურქ ჯარისკაცებს.

სამინისტროს თანახმად, ჯარისკაცები სადაზვერვო-სადამკვირვებლო დავალებას ასრულებდნენ მთიან სასაზღვრო რეგიონში, ქალაქ იუქსეკოვის მახლობლად, პროვინცია ჰაკარიში, როცა მათ ცეცხლი გაუხსნეს.

თურქეთის ჯარები ათწლეულების განმავლობაში იბრძვიან ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მებრძოლების წინააღმდეგ სირიასა და ერაყთან საზღვრისპირა რეგიონებში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ 9 ივნისს განაცხადა, რომ კედელი, რომელსაც თურქეთი აგებს ირანის საზღვრის გასწვრივ, თითქმის დასრულებულია.

სოილუს თქმით, მშენებლობის მიზანია, გააუმჯობესოს უსაფრთხოება და ხელი შეუშალოს ქვეყანაში PKK-ს მეომრებისა და კონტრაბანდისტების შეღწევას ირანის მხრიდან.