უკრაინაში წყალდიდობის შედეგად დაიტბორა 10 000 სახლი

უკრაინელი მაშველები

დასავლეთ უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში წყალდიდობის შედეგად დაიტბორა 10 000 სახლი. მოვარდნილმა სტიქიამ გაანადგურა 90 ხიდი და დაანგრია 149 კილომეტრი გზის საფარი.

დასავლეთ უკრაინის სტიქიურ ზონაში, სადაც წყალდიდობამ მოსახლეობას დიდი ზიანი მიაყენა, 25 ივნისს უკრაინის პრეზიდენტი ჩავიდა. „სახელმწიფომ ყველა საჭირო თანხა გადასცა ოლქს, ხოლო ოლქიდან ეს ფული თქვენ გადმოგეცემათ, ასევე აღვადგენთ ყველა შენობას“, - განაცხადა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა სტიქიით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გამოყო 672 მილიონი ჰრივნა.

სტიქიის ზონაში მობილიზებულია სამაშველო სამსახურები, შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობა და შესაბამისი ტექნიკა.

სტიქიის შედეგად დაკარგულად ითვლება ერთი ადამიანი.