სურსათის სააგენტოს ინსპექტორი დააკავეს ქრთამის აღების ბრალდებით

თბილისში დააკავეს სურსათის ეროვნული სააგენტოს საქალაქო სამსახურის უფროსი ინსპექტორი, რომელსაც ბრალად ედება ქრთამის აღება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული დაუკავშირდა თბილისის ერთ-ერთი კაფე-ბარის მფლობელს, რომელსაც დაპირდა, რომ სააგენტო ობიექტს არ შეამოწმებდა, ხოლო შემოწმების დაგეგმვის შემთხვევაში მეწარმეს წინასწარ შეატყობინებდა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობითვე, ბრალდებულმა კაფე-ბარის მფლობელს წინასწარ მოთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მოხელის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის აღებას და ისჯება 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.