ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, 4 ივლისს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდულად მაღალი ზრდა აღირიცხა და 24 საათში გლობალური მაჩვენებელი 212,326 შემთხვევით გაიზარდა. დადასტურებული შემთხვევების ყველაზე დიდი მატება მოდის აშშ-ზე, ბრაზილიასა და ინდოეთზე.
აქამდე ინფიცირების ზრდის რეკორდული მაჩვენებლის დღედ 28 ივნისი ითვლებოდა, 189,077 ახალი შემთხვევით.
გარდაცვალების გლობალური რიცხვი მეტ-ნაკლებად უცვლელი რჩება და დღეში 5,000 ადამიანს უტოლდება.
აშშ-ში 4 ივლისის დღესასწაული შედარებით მოკრძალებული ღონისძიებებით აღნიშნეს, რადგან ჯანდაცვის სფეროს მესვეურები აცხადებენ, რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევები უწყვეტად მატულობს ქვეყნის სამხრეთსა და დასავლეთში.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოს შემთხვევების მატებას და ამას ტესტირების გაფართოებას მიაწერს.