რუსთავში საავადმყოფოდან გაიქცა კარანტინიდან გადაყვანილი კაცი

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოდან გაიქცა 45 წლის კაცი, რომელიც ჰოსპიტალში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.

საავადმყოფოს წარმომადგენელი ირაკლი კიწმარიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კაცი ჰოსპიტალში გუშინ, 2 საათზე სასტუმრო "გრანდ ვეჯინიდან" გადაიყვანეს. კიწმარიშვილის თქმით, კაცს კოვიდ-19-ზე ტესტი ჩაუტარდა, თუმცა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

"ხელი მოაწერა, რომ თვითიზოლაციაში უნდა გადასულიყო და 2 კვირა ასე ყოფილიყო. ამ დროს გაიქცა", - ამბობს ირაკლი კიწმარიშვილი.

45 წლის კაცი, სავარაუდოდ, საკუთარი პალატის ფანჯრიდან გადაძვრა.

განახლება: რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ გაქცეული პაციენტი პოლიციამ იპოვა და 2 000 ლარით დააჯარიმა.