პირველი ეგზიტპოლის თანახმად, პოლონეთის მოქმედი პრეზიდენტი, ანჯეი დუდა არჩევნების მეორე ტურში მცირედით უსწრებს მის მეტოქეს, ვარშავის მერ რაფალ ტრჟასკოვსკის.
როგორც სააგენტო "როიტერის" იუწყება, საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელ ცენტრ Ipsos-ის მიერ საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით, პოლონეთის მმართველი პარტია, „კანონი და სამართლიანობის“ კანდიდატ, ანჯეი დუდას აქვს ხმათა 50.4%-ი, ხოლო მის მეტოქეს, ლიბერალური „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატ რაფალ ტრჟასკოვსკის- 49.6%-ი.
ეგზიტპოლში ცდომილება 2%-ს შეადგენს. შესაბამისად ყველაფერს გაარკვევს პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც წინასწარი შედეგების გამოცხადებას ორშაბათს დაიწყებს.
28 ივნისს არჩევნების პირველი ტურში პოლონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, მიიღო ამომრჩეველთა ხმების 43,5%, მისმა კონკურენტმა - ლიბერალური „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ, 30,46%.