200-ზე მეტ პირს საგანგებო მდგომარეობის წესების განმეორებით დარღვევისთვის პატიმრობა ემუქრება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის განმეორებით დარღვევისთვის 227 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ამდენივე პირის დაპატიმრების უფლება გასცეს სასამართლომ. ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ საჯარო ინფორმაციის სახით მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აქვთ სტატისტიკური მონაცემები, რამდენმა პირმა გაასაჩივრა გამოწერილი ჯარიმა და მათგან რამდენი დაკმაყოფილდა. უწყებაში განმარტავენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები ავტომატურად ისახება მათ სტატისტიკაში.

ბოლო მონაცემებით, 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით გამოწერილი ჯარიმებიდან 8 737 ქვითარია გამოწერილი, რომელთა ჯამური ღირებულებაც 26 463 000 ლარია. ჯარიმები პრეზიდენტის დეკრეტით იყო გათვალისწინებული - მოქალაქე 3 ათასი ლარით ჯარიმდებოდა, კომპანია კი 15 ათასით. თუ მოქალაქე ხელმეორედ დაარღვევდა წესებს მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, კომპანიას კი ლიკვიდაცია.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საქართველოში არაერთი სახის შეზღუდვა დაწესდა, მათ შორის მანქანით გადაადგილებაზე, თვითიზოლაციაზე, შეკრებაზე და ა.შ. მათ შორის გამოცხადებული იყო კომენდანტის საათი.