ავღანეთში ციხეზე თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით პატიმარი გაიქცა

ავღანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 39 ადამიანი იქნა მოკლული თავდასხმის შედეგად მთავარ ციხეზე აღმოსავლეთში, ნანგარჰარის პროვინციაში, სადაც უშიშროების ძალები 3 აგვისტოს განაგრძობდნენ წმენდის ოპერაციას.

ექსტრემისტულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის, რომელიც 2 აგვისტოს საღამოს დაიწყო და 3 აგვისტოსაც გაგრძელდა, და რომელშიც სულ მცირე რვა შეიარაღებული პირი მონაწილეობდა. 3 აგვისტოს საღამოსთვის 39 მსხვერპლის გარდა მოკლულ იქნა 9 თავდამსხმელი. ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არმიის სამხედრო მეთაური, იასინ ზაი ადგილზე იმყოფება და წმენდის ოპერაციას მეთაურობს.

2 აგვისტოს საღამოს თავდამსხმელებმა ჯერ დანაღმული მანქანა ააფეთქეს პროვინციის დედაქალაქ ჯალალაბადში მდებარე ციხის შესასვლელთან და შემდეგ უკვე ობიექტზე სროლით შეიჭრნენ.

თავდამსხმელებმა დახოცეს მცველები და ციხიდან ასეულობით პატიმარი გაათავისუფლეს. 3 აგვისტოს საღამოს ცნობით, სროლა საპატიმროს არეალში დასრულდა, მაგრამ ბევრი პატიმარი კვლავ ვერ იპოვნეს.

ჯალალაბადში მდებარე ამ ციხეში თალიბანისა და „ისლამური სახელმწიფოს“ 1800-მდე წევრი და სხვადასხვა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული დამნაშავე იხდის საჯელს.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის 3 აგვიტოს დასრულდა, რის ფონზეც მაჰმადიანური მსხვერპლშეწირვის დღესასწაული იმედს იძლევა, რომ შიდაავღანურ სამშვიდობო მოლაპარაკებას გზა გაეხსნას.