გამყრელიძე: ლილოს ბაზრობაზე სკრინინგმა კორონავირუსის მხოლოდ 6 შემთხვევა გამოავლინა, დინამოსა და ელიავას ბაზრობებზე კი ჯერ არცერთი

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ლილოს ბაზრობაზე ჩატარებული ტესტირებისას გამოკვლეული 4731 ადამიანიდან კორონავირუსი დაუდასტურდა მხოლოდ 6 ადამიანს.

„6 ინფიცირებული იქნა გამოვლენილი პირველ ეტაპზე, პირველ ორ დღეში, შემდეგ უკვე აღარ გვქონია ინფიცირების შემთხვევები. 6 დაინფიცირებულის კონტაქტები ანუ ლილოს ბაზრობასთან კვეთა ვისაც ჰქონდა, ასეთი სულ არის 13 ადამიანი. ეს იყო ერთი ოჯახური შემთხვევა მოგეხსენებათ, რომელიც უკავშირდება მე-16 გარდაცვლილ ავადმყოფს და ამ ოჯახურ კლასტერს ჰქონდა კავშირი ასევე ლილოს ბაზრობასთან“, - ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა ასევე დინამოსა და ლილოს ბაზრობებზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებულ ტესტირებაზეც. მისი თქმით, აღნიშნულ ბაზრობებზე ჯერჯერობით ინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა:

„დინამოს ბაზრობაზე და ელიავას ბაზრობაზე 500-500 ადამიანის გამოკვლევა იქნა დაგეგმილი. გამოპასუხება საკმაოდ კარგი გვქონდა. დინამოს ბაზრობაზე შერჩეული 500 ადამიანიდან 487 გამოვიკვლიეთ და არც ერთი არ იყო დადებითი შემთხვევა, ხოლო ელიავას ბაზრობაზე გამოვიკვლიეთ 436 ადამიანი და აქ პირველი ორი დღის შედეგები იყო ასევე უარყოფითი და მესამე დღის შედეგები, ანუ გუშინდელი შედეგები იქნება დღეს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ბაზრობაც ამ თვალსაზრისით იქნება ეპიდკეთილსაიმედო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბაზრობებზე დასაქმებულთა ტესტირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის გაჩიანის დასახლებაში კორონავირუსი დაუდასტურდათ ადამიანებს, რომლებიც ბზარობებზე იყვნენ დასაქმებულები.

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1197-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 12 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 974. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.