ვაჟთა შორის ჩოგბურთის მოქმედმა ჩემპიონმა, რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რომ არ ითამაშებს 2020 წლის აშშ-ის ღია ჩემპიონატში. ამის მიზეზად მან კორონავირუსი დაასახელა და „ბარბაროსული“ უწოდა პანდემიის გამო შეცვლილ სპორტულ კალენდარს.
„ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, არ ვითამაშო წლევანდელ აშშ-ის ღია ტურნირში“, დაწერა ნადალმა ტვიტერში.
„არასოდეს მინდოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ გადავწყვიტე, ამჯერად ჩემს გულს ვუსმინო და არ ვიმოგზაურო“, განაცხადა მან.
After many thoughts I have decided not to play this year’s US Open. The situation is very complicated worldwide, the COVID-19 cases are increasing, it looks like we still don’t have control of it.
— Rafa Nadal (@RafaelNadal) August 4, 2020
34 წლის ნადალი კრიტიკულად უყურებს ჩოგბურთის საერთაშორისო კალენდარს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო იქნა გადახედული.
აშშ-ის ღია ჩემპიონატი 31 აგვისტოდან 13 სექტემბრამდეა დაგეგმილი. ორი კვირის შემდეგ კი მას მოსდევს საფრანგეთის ღია ჩემპიონატი.
წელს აშშ-ის ღია ჩემპიონატში მონაწილეობას არ მიიღებს არც ნადალის დიდი ხნის მეტოქე, როჯერ ფედერერი, რომელმაც მუხლის ოპერაცია გაიკეთა.
ეს პირველი შემთხვეა იქნება, როცა არცერთი მათგანი არ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის ღია ჩემპიონატში.
ნადალს 19 გრენდ სლემი აქვს მოგებული და წელს ეძლეოდა შანსი, დასწეოდა ფედერერს, რომლის ანგარიშზეც 20 გრენდ სლემია.
ნადალისა და ფედერერის არყოფნა მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს თავისი მე-18 გრენდ სლემის მოგების შანსს უზრდის.