ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-12 წლისთავის გამოხმაურებაში წერს, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას:
„დღეს 12 წელი გავიდა აგვისტოს 2008 წლის ომის შემდეგ. რუსეთის განგრძობადი პროვოკაციები საოკუპაციო ძალების უკანონოდ განლაგებითა და მცოცავი ანექსიით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და ევროკავშირის მედიაციით 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“, - აღნიშნავს ევროპარლამენტარი, ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ იმპერიალისტური რუსეთის ეს გზა განწირულია და მისი ერთადერთი ევროპული გზა არის ის, რომ მაგალითი აიღოს საქართველოსგან, რომელიც, ევროპარლამენტარის შეფასებით, ევროკავშირის სამეზობლოში მისაბაძია წარმატებული ევროპული რეფორმების განხორციელებით.
This path of imperialistic Russia is doomed. The only one European way for Russia is to take an example from Georgia, a role model for successful European reforms, living courageously through global change in EU east neighbourhood
— Andrius Kubilius (@KubiliusA) August 7, 2020
2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. 2008 წელს ომში 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 170 სამხედრო. ომში დაიჭრა ან დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო.