გიორგი გახარია: გმირები ყოველდღე უნდა გვახსოვდეს

„მშვიდობა და მშვიდობიანი ქმედებები, მშვიდობიანი და გონივრული პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს განვითარება, მშვიდობა ნებისმიერი განვითარების უპირობო და აუცილებელი პირობაა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მან 8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმედ დღედ შეაფასა და თქვა, რომ ომში დაღუპულ გმირებს პატივი არა მხოლოდ ამ დღეს, არამედ ყოველდღე და ყოველ წუთს უნდა მივაგოთ.

„საქართველომ ამ ომში ასობით მოქალაქე და ჯარისკაცი დაკარგა. ოკუპირებული გახდა საქართველოს ტერიტორიების 20%. ეს არის დღეს ქართული სახელმწიფოებრიობის ყველაზე დიდი გამოწვევა. თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ვალია, გვახსოვდეს ყველა ეს ადამიანი, ყველა დაღუპული, და ვემსახუროთ ქვეყანას, მოვუაროთ ამ ქვეყანას იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ქვეყნის დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ეს იქნება თითოეული ქართველის მიზანი გამარჯვებამდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - აქვს თუ არა პრემიერს კითხვები იმასთან დაკავშირებით, ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ „რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს“ და ეს მოხდა „მაშინდელი ხელმძღვანელობის, მათ შორის, ვლადიმერ პუტინის დავალებით“.