კორონავირუსით სამედიცინო პერსონალის კიდევ ერთი წარმომადგენლის ინფიცირება გორში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 25 ახალი პაციენტიდან ერთი გორელი ექთანია. მას კონტაქტი ჰქონდა ექიმთან, რომელსაც კორონავირუსი 7 აგვისტოს დაუდასტურდა. გრძელდება კონტაქტების ძიება და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

7-დან 10 აგვისტოს დილის ჩათვლით გორში ნიმუშები აიღეს 87 ადამიანისგან. მათგან 27-ის პასუხი უარყოფითია. დანარჩენების ტესტირების პასუხი დღეს, გვიან საღამოს გაირკვევა.

ამ ეტაპზე გორში თვითიზოლაციაში იმყოფება 78 ადამიანი.

დღეს დილით, საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1250-მდე გაიზარდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 1010. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.