რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამფუძნებლის, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა უცვლელი და ისევ სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ რუსული სააგენტოები იუწყებიან ომსკის ჯანდაცვის სამსახურზე დაყრდნობით. ნავალნის დიაგნოზი ამ დრომდე უცნობია. დღეს ომსკში ელოდებიან მოსკოველ ექიმებს, რომლებიც კონსილიუმს ჩაატარებენ.
ალექსეი ნავალნი მეორე დღეა კომაშია ომსკის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. ნავალნის თანამოაზრეები ვარაუდობენ, რომ ის მოწამლეს.
ინტერნეტგამოცემა Baza-მ თავის წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ნავალნის ტვინის შეშუპება დაეწყო უცნობი ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად. ეს ინფორმაცია უარყვეს ომსკის ჯანდაცვის სამსახურში. ამასთან, გამოცემა „კომერსანტი“ იუწყება, რომ ექიმებმა უკვე გამორიცხეს რამდენიმე დიაგნოზი, მათ შორის ინფარქტი, ინსულტი და კორონავირუსი.
ალექსეი ნავალნის ცოლმა იულიამ, მკურნალმა ექიმმა ანასტასია ვასილიევამ და “კორუფციასთან ბრძოლის ფონდის” დირექტორმა ივან ჟდანოვმა, რომლებიც ომსკში 20 აგვისტოს, საღამოს ჩავიდნენ, ნავალნის საზღვარგარეთ გადაყვანა მოითხოვეს, თუმცა, ადგილობრივმა ექიმებმა განაცხადეს, რომ სტაბილურად მძიმე მდგომარეობის გამო ტრანსპორტირება შეუძლებელია.
ფონდის პრესმდივანი კირა იარმიში ტვიტერზე წერს, რომ ტრანპორტირების აკრძალვა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ალექსეი ნავალნის სიცოცხლეს.
Запрет на перевозку Алексея означает прямую угрозу его жизни. Оставаться в омской больнице без оборудования, с так и не поставленным диагнозом в нынешнем положении смертельно опасно
— Кира Ярмыш (@Kira_Yarmysh) August 21, 2020
გვიან ღამით, გერმანიიდან ომსკში გაგზავნეს სპეციალური თვითმფრინავი ალექსეი ნავალნის ტრანსპორტირებისთვის. კირა იარმიში წერს, რომ ტრანსპორტირების აკრძალვა ნავალნის სიცოცხლეზე თავდასხმაა.
Организованный нами самолет для эвакуации Алексея должен приземлиться через час. Запрет на перевозку Навального - это покушение на его жизнь, которое прямо сейчас совершают врачи и лживая власть, которая это санкционировала
— Кира Ярмыш (@Kira_Yarmysh) August 21, 2020
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადეს, რომ მზად არიან უზრუნველყონ ევროკავშირის ტერიტორიაზე ალექსეი ნავალნის მკურნალობა და უსაფრთხოება.
20 აგვისტოს, დილით ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა თვითმფრინავში, რომლითაც ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა. თვითმფრინავის ეკიპაჟი იძულებული გახდა ომსკში დაშვებულიყო. „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ პრესმდივანი კირა იარმიში, რომელიც ალექსეი ნავალნისთან ერთად იმყოფებოდა, ამბობს, რომ მან გამგზავრების წინ მხოლოდ ჩაი დალია, ამიტომ ვარაუდობს, რომ რაღაც ნივთიერება სწორედ ჩაიში იყო გარეული.