კაპანაძე ლავროვის განცხადებაზე: რეალურად, უნდა აფხაზეთი და ცხინვალი სახელმწიფოებად ვაღიაროთ

"ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის რეალური სურვილი საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე საუბრის დროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაა.

"ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ცხინვალი და აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები და მოვაწეროთ ხელი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ნიშნავს, რომ ერთმანეთის ტერიტორიას უნდა ვცეთ პატივი. ნათელია, რომ როცა ამას ამბობს, ლავროვი, რეალურად გულისხმობს, რომ ვაღიაროთ ცხინვალი და აფხაზეთი და მერე მოვაწეროთ ურთიერთობის აღდგენას ხელი", - თქვა კაპანაძემ.

რამდენიმე საათის წინ ლავროვის გაზეთ "ტრუდთან" ინტერვიუ გავრცელდა. ინტერვიუში ის აცხადებს, რომ უნდა იმედი იქონიოს, რომ საქართველოსთან შეწყვეტილი ავიამიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იანვარში აცხადებდა, რომ საქართველო დადებითად შეხვდება რუსეთის მხრიდან შეწყვეტილი ფრენების აღდგენას.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს.

რუსეთმა ავიამიმოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.