პანკისში მამა-შვილის ცემის გამო დაკავებულებიდან ერთი გაათავისუფლეს, 2 წინასწარ პატიმრობაში დატოვეს

Telavi court

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ, პანკისის ხეობაში, მამა-შვილის მოკლე შარვლების ტარების გამო ცემის საქმეზე, სამი დაკავებულიდან ორი აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობაში დატოვა, ერთი კი, რომელიც არასრულწლოვანია, 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

23 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, კახეთის პროკურატურა სამივე დაკავებულისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვდა. წინასასამართლო პროცესი 24 სექტემბერს დაინიშნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მამა-შვილის, წელაურების ცემის საქმეზე სამი პანკისელი 20-21 აგვისტოს, მას შემდეგ დააკავეს, რაც თემით მედია დაინტერესდა.

გამოძიება დაკავებულებს დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და არასრულწლოვნის ჯგუფურად ცემას ედავება.