ნიკოლ ფაშინიანი მწუხარებას გამოთქვამს შატილის გზაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, დუშეთის მუნიციპალიტეტში დატრიალებული ტრაგედიის გამო.

„ვიზიარებ თქვენი და მოძმე ქართველი ხალხის წუხილს, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს“, - ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის სამძიმრის წერილში, რომლის შინაარსსაც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ავრცელებს.

23 აგვისტოს, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა.

17 ადგილზე დაიღუპა.

სამის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

მომხდარი ტრაგედიის გამო, 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.