დღეიდან, 27 აგვისტოდან ბათუმში ღონისძიება "ზაფხული ბათუმში" იმართება, რომელიც ბიუჯეტს 250 600 ლარი უჯდება. ღონისძიების ორგანიზატორი ააიპ ბათუმის კულტურის ცენტრია, რომლის ხელმძღვანელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კონცერტები 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ცენტრის ხელმძღვანელი, ჯონი საბაშვილი ამბობს, რომ ღონისძიების მთავარი მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ ხელოვანებს.
"კოვიდთან დაკავშირებით გადაწყდა, რომ მოცეკვავე, მომღერლები იქნება თუ რომელიმე ჯგუფი, ვინც საჭიროებს დახმარებას, მთავრობის მხრიდან გადაწყდა, რომ მათ დავეხმაროთ და მივაღებინოთ კონცერტში მონაწილეობა. ყველაზე მეტად ამ სექტორს დაარტყა პანდემიამ".
თავად კულტურის ცენტრი, რომელმაც შესყიდვების სააგენტოსგან მომსახურების ტენდერის გარეშე ყიდვის უფლება მიიღო, კონცერტის გამართვის აუცილებლობას ოფიციალურად ასე ასაბუთებდა:
"დღეის მდგომარეობით ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით შეზღუდვების მოხსნამ და ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარების დაშვებამ მოგვცა საშუალება ბათუმში კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად განვახორციელოთ საინტერესო და მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების აქტივობა, კერძოდ მუსიკალური არტ-პროექტი სახელწოდებით "ზაფხული ბათუმში", რაც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფას კულტურული აქტივობებით, ხოლო მეორე მხრივ ამ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარებას".
საბაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კონცერტის ფარგლებში ათეულობით მომღერალი, ჯგუფი და DJ დასაქმდება.