გახარიამ სამინისტროებს პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვაზე კონტროლის გამკაცრება დაავალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს დაავალა პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვაზე რეგულაციების კონტროლი გაამკაცრონ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ეს ყველაფერი გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად შევინარჩუნოთ ის მიღწევა, რაც ეპიდემიის მართვის სწორი ნაბიჯების გადადგმის შედეგად და ეკონომიკური კრიზისის შერბილების მიმართულებით გვაქვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ხვალინდელი დღისთვის და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის", - აღნიშნა გახარიამ.

საქართველოს მოქმედი რეგულაციებით, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის მოქალაქე 20 ლარით ჯარიმდება, კომპანია კი 500 ლარით.

ბოლო ორ დღეში საქართველოში კორონავირუსი 58 ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის 38 - გუშინ. ეს მაჩვენებელი საქართველოს ე.წ. პირველი ტალღის დროსაც არ ჰქონია.