ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირდა კიდევ 40 ადამიანი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დაადასტურა (3 სექტემბერს - 42). გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი აუღეს 182 პირს.

შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, 6 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 10-ის საშუალო. დღეს კლინიკაში 5 ახალი პაციენტი შევიდა და 1 გაეწერა.

4 სექტემბრის საღამოს მონაცემებით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის სულ 466 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 154.

ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა გასული ერთი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან ე.წ. საზღვარი გახსნა და რუსი ტურისტების მიღება დაიწყო. „საზღვარი“ 1 აგვისტოს გაიხსნა.

აპრილიდან ივლისის ბოლომდე აფხაზეთში აღრიცხული ჰქონდათ კორონავირუსის 81 შემთხვევა. 31 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით კი, უკვე 249.