ჩეჩენ დისიდენტ ახმედ ზაკაევის მიმართვის შემდეგ ჩეჩნეთში დააკავეს მისი და-ძმები

ჩეჩნეთში დააკავეს დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ჩეჩენი დისიდენტის, ახმედ ზაკაევის ორი და-ძმა, რომელთა ადგილსამყოფელი უცნობია. ამის შესახებ „კავკაზ.რეალიის“ დაუდასტურა თავად პოლიტიკოსმა.

ზაკაევი თავისი ნათესავების დაკავებას უკავშირებს ოპოზიციური ტელეგრამ-არხის, 1ADAT-ის მხარდასაჭერად გაკეთებულ განცხადებას.

ეს საინტერნეტო რესურსი აქვეყნებს ცნობებს ჩეჩნეთში ადამიანების წამების, უსამართლოდ დაკავებისა და სხვა დარღვევების შესახებ. ზაკაევის განცხადებაზე ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კომენტარის მიღება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

8 სექტემბერს ახმედ ზაკაევმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც „უდიდესი სირცხვილი“ უწოდა ჩეჩნეთის ხელისუფლების მიერ ჩეჩენი აქტივისტის წამებასა და შეურაცხყოფას.

7 სექტემბერს, გვიან საღამოს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მუხლებზე დაჩოქილი, შიშველი ადამიანი ამბობს, რომ იგი სალმან ტეპსურკაევია და რომ იგი „ტელეგრამის“ 1ADAT-ის ოპოზიციური არხის ადმინისტრატორი იყო. „მე თავს ვისჯი“, ამბობს ის, შემდეგ ბოდიშს იხდის და შუშის ბოთლზე ჯდება.

ვიდეომ სენსაცია მოახდინა მთელ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკაში.

ტელეგრამ-არხის, 1ADAT-ის მხარდამჭერ ვიდეომიმართვაში, ლონდონში მყოფი ახმედ ზაკაევი აცხადებს, რომ „ის მოდერატორი და ამ ჯგუფის ადმინისტრატორია“.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, მაგომედ დაუდოვი, გამოეხმაურა ზაკაევის ვიდეომიმართვას და განაცხადა, პოლიტიკოსს ამისთვის „მოეკითხებაო“.