ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეეცდებიან ჩიხიდან გამოსვლას ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების საკითხში  

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეეცდებიან ჩიხიდან გამოსვლას ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საქმეში 21 სექტემბერს. ბრიუსელმა სამი კვირის წინ გამოაცხადა, რომ დააწესებდა სანქციებს ბელარუსი სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ, რომლებსაც ბლოკი ბრალად სდებს საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობასა და საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასთან კავშირს, რამაც უზრუნველყო პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას გამარჯვება 9 აგვისტოს კენჭისყრაში.

მოელიან, რომ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაიაც შეიძლება ჩავიდეს ბრიუსელში და არაოფიციალური შეხვედრა გამართოს ბლოკის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების სფეროს ხელმძღვანელ ჯოზეპ ბორელსა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

ევროკავშირს მომზადებული აქვს სანქციების სია, მაგრამ მისი მიღება არ ხერხდება კვიპროსის წინააღმდეგობის გამო. კვიპროსი მოითხოვს, რომ ევროკავშირმა ზომებს მიმართოს თურქეთის წინააღმდეგ, რომელიც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გაზის საბადოების სადაზვერვო სამუშაოს ატარებს.

ევროკავშირს გადაწყვეტილების მიღება შეუძლია მხოლოდ მაშინ, როცა ყველა, 27-ვე წევრი მიემხრობა მას. ჩიხური მდგომარეობა, რომლის უკან დგას ბლოკის ერთ-ერთი ყველაზე მცირე სახელმწიფო, საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ავტორიტეტს. შედეგად, გაძლიერდა მოწოდებები ადამიანის უფლებების დაცვის და სანქციების სფეროში კვალიფიცირებული უმრავლესობის გამოყენებისკენ.