პუტინის მეგობარმა როტენბერგმა სავარაუდოდ ბრიტანული ბანკი გამოიყენა სანქციების თავიდან ასარიდებლად

რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენი, არკადი როტენბერგი, სავარაუდოდ, ლონდონში მდებარე ბანკ „ბარკლეისის“ (Barclays) მეშვეობით შეეცადა 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას. ამის შესახებ ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სი იუწყება აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს, ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (FinCEN) დეპარტამენტზე დაყრდნობით.

ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, ვლადიმირ პუტინის ბავშვობის მეგობარმა, არკადი როტენბერგმა, „ბარკლეისის“ ანგარიშების გამოყენებით, 2012-2016 წლებში, 60 მილიონი დოლარის ტრანზაქცია განახორციელა კომპანია „Advantage Alliance“-ის სახელით, რომლის ბენეფიციარიც თავადაა.

ამასთან, ტრანზაქციების უმრავლესობა 2014 წლის შემდეგ არის განხორციელებული.

ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებული სანქციები ითვალისწინებს რუსეთის პოლიტიკური და ბიზნესწრეების, ასევე სამეწარმეო სუბიექტების ანგარიშების გაყინვას ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში. სანქცირებულ პირთა სიაში როტენბერგის ძმა, ბორისიც, ირიცხება.

FinCEN-ისგან დოკუმენტები მიიღეს Buzzfeed-ის ჟურნალისტებმა, რომლებმაც ის გადასცეს გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო (ICIJ) ასოციაციას.

მიმდინარე წლის ივლისში აშშ-ის სენატმა როტენბერგის ოჯახი დაადანაშაულა იმაში, რომ ხელოვნების ნიმუშთა ფარული გზით შეძენით ცდილობს სანქციების გვერდის ავლას. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ამ სქემაში მონაწილეობს, სენატორთა ხელთ არსებული ინფორმაციით, სწორედ „Advantage Alliance“-ია.

როტენბერგის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„ბარკლეისში“ კი განაცხადეს, რომ ბანკი ასრულებს კანონით და მარეგულირებელი ორგანოების მიერ დაკისრებულ ყველა ვალდებულებას, აშშ-ის მიერ დაკისრებული სანქციების ჩათვლით.