ბულგარეთმა ქვეყნიდან გააძევა ჯაშუშობაში ბრალდებული რუსი დიპლომატები

რუსეთის საელჩო სოფიაში

ბულგარეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ორი რუსი დიპლომატი. რადიო თავისუფლების ბულგარულ სამსახურს საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ამ პირებმა ქვეყნის ტერიტორია 72 საათში უნდა დატოვონ.

ბულგარეთის პროკურატურამ კონტრდაზვერვის სამსახურის მიმართვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქეებს წაუყენა ჯაშუშობის ბრალდება, თუმცა, დიპლომატიური ხელშეუხებლობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა ვერ გაგრძელდება.

გამოძიების თანახმად, ეს პირები 2016 წელს აგროვებდნენ მონაცემებს ბულგარეთის არმიის მოდერნიზაციის გეგმის და საბრძოლო ტექნიკის მდგომარეობის შესახებ და კონტაქტები ჰქონდათ შესაბამისი ინფორმაციის მქონე ბულგარეთის მოქალაქეებთან, რომლებსაც ფულს სთავაზობდნენ.

ორი დიპლომატის გაძევების გამო, რუსეთის საელჩომ სოფიაში განაცხადა, რომ მოსკოვი იტოვებს „საპასუხო სარკისებური ზომების“ მიღების უფლებას. საელჩოს მტკიცებით, პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული პირები სავაჭრო წარმომადგენლობაში მუშაობენ და მათ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის არანაირი მტკიცებულება არ უნახავთ.

ბულგარეთმა 2020 წლის იანვარშიც გააძევა ორი რუსი დიპლომატი, რომლებიც ჯაშუშობაში იყვნენ ეჭვმიტანილი. ერთი მათგანი რუსეთის საკონსულოს პირველი მდივანი იყო, მეორე კი, სავაჭრო წარმომადგენლობაში მუშაობდა.