ნობელიანტი სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსიდან გერმანიაში გაემგზავრა სამკურნალოდ

ნობელის პრემიის ლაურეატმა, ბელარუსმა მწერალმა სვეტლანა ალექსიევიჩმა თავისი ქვეყანა დატოვა და სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა - იუწყებიან მისი თანაშემწე და მეგობარი.

ალექსიევიჩი ამავდროულად მნიშვნელოვანი ფიგურაა ბელარუსის ოპოზიციურ სპექტრში. მისი გამგზავრების ფონია მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ. ალექსიევიჩი წევრია ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმისა, რომელიც ხელისუფლების სამიზნეა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები. დემონსტრაციები მოჰყვა ლუკაშენკას გამარჯვებულად გამოცხადებას 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელსაც ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნები გაყალბებულად მიიჩნევენ.

მისმა მეგობარმა, მარია ვოიტეშონოკმა სააგენტო "ფრანს-პრესს" უთხრა, რომ ალექსიევიჩი დაგეგმილი მკურნალობის მიზნით გაემგზავრა გერმანიაში. "ის ბელარუსში ერთ თვეში დაბრუნდება. ის არ ტოვებს თავის სამუშაოს საკოორდინაციო საბჭოს წევრის რანგში" - თქვა ვოიტეშონოკმა. მან დასძინა, რომ ალექსიევიჩი გეგმავს იტალიაში ჩასვლასაც, სადაც მას ლიტერატურული პრემია მიანიჭეს.

ალექსიევიჩის თანაშემწემ სააგენტო "როიტერსს" უთხრა, რომ მისი გამგზავრება არ უკავშირდება პოლიტიკას და ის დაბრუნებას გეგმავს. თანაშემწის თქვით, ალექსიევიჩი გერმანიაში ჩავიდა სამკურნალოდ და ასევე სამუშაო მიზნებით.