არ გვინდა ხვალ ძალადობის მსხვერპლი ვიყოთ ჩვენ, - „სალამი“ მარნეულში განვითარებულ მოვლენებზე

ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი

სამოქალაქო პლატფორმა „სალამი“ შეშფოთებას გამოხატავს მარნეულში ჟურნალისტებზე, მათ შორის ჯეიჰუნ მუჰამედალიზე და სამოქალაქო აქტივისტ გიორგი მუმლაძეზე განხორციელებული ძალადობის ფაქტით და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული და დამოუკიდებელი გამოძიებისაკენ მოუწოდებს:

„გვესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდის პოლიტიკურმა დაძაბულობამ მთელი საქართველო მოიცვა. ვხედავთ, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ ელიტები და რეგიონალური კლანები ძალაუფლების გადანაწილების პროცესში, უფრო დიდი ნაჭერის ხელში ჩაგდების მიზნით, კუნთების თამაშს და საკუთარი ძალის დემონსტრირებას იწყებენ. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ განსაკუთრებით მწვავე სიტუაციაა არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების რეგიონებში. ვხედავთ, რომ ამ რეგიონებში შიშველი ძალის გამოყენების, დაშინების და ზეწოლის პრაქტიკები ჩვენი ყოველდღიურობა ხდება“, - აღნიშნულია პლატფორმის განცხადებაში, სადაც საგანგებოდაა გამოთქმული წუხილი იმის გამო, რომ 29 სექტემბერს ძალადობის მსხვერპლი გახდა ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი.

„მარტივად გვინდა განვაცხადოთ, რომ არ გვინდა, ხვალ ასეთი ძალადობის, დაშინების და ზეწოლის მსხვერპლი ვიყოთ ჩვენ“, - წერს „სალამი“.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში 29 სექტემბერს ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ იმ დროს, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავდნენ.

ამავე დღეს მოგვიანებით მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ პლატფორმა 2020-ის წარმომადგენელს გიორგი მუმლაძეს, „მთავარი არხის“ კორესპონდენტს ჯეიჰუნ მუჰამედალის და ოპერატორს, ასევე პირველი არხის ოპერატორს და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, გივი ქველაძეს.

გამოძიება საქმეებზე ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით მიმდინარეობს.

მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ადანაშულებს.