ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, 39-ე პაციენტი. 60 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტი იყო.

დღის პირველ ნახევარში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 61 წლის ქალი, ხოლო ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ 69 წლის მამაკაცი. ექიმების ინფორმაციით, მათ მძიმე თანმდევი დაავადებებიც ჰქონდათ.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატებასთან ერთად. 20-30 სექტემბერს საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი.