კორონავირუსის გავრცელების გამო თბილისში ეკლესია დაიხურა

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

თბილისში კორონავირუსის გავრცელების გამო 10 დღით დაიხურა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია, რომელიც სანზონაში მდებარეობს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თავიდან ეკლესიის რამდენიმე მრევლს აღმოაჩნდა კორონავირუსი, მოგვიანებით კი დაავადება მოძღვარსაც დაუდასტურდა.

„ეხლა ტაძარი დროებით დაკეტილია და დეზინფექცია ჩაუტარდა“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ, რომლისთვისაც უცნობია, მთლიანობაში სულ რამდენი ადამიანია ინფიცირებული.

ტელეკომპანია „მთავარის“ ცნობით კი ინფიცირებულთა რაოდენობა 16 -ს შეადგენს. მათგან პირველ ინფიცირებულს, ეკლესიის ერთ-ერთ მგალობელს, რომელიც აჭარაში იმყოფებოდა, ვირუსი 21 სექტემბერს აღმოაჩნდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 453 შემთხვევაა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 7093-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 46 ადამიანი.