გიორგი გახარია "გირჩის" შტაბად გადაკეთებულ კაფე-ბარებს დაჯარიმებით ემუქრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ დაჯარიმდება ყველა ის კაფე-ბარი, რომელიც პოლიტიკურ პროცესში ჩართვის მოტივით შეზღუდვების მიუხედავად იმუშავებს. ამის შესახებ მან სკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"რამდენიმე შემთხვევა იყო, რამდენიმე კომპანიამ სცადა [მუშაობა] რაღაც შეფერილობებით, ვითომ, პოლიტიკურ პროცესში იღედნენ მონაწილეობას. პირადად გეუბნებით, ყველა მათგანი იქნება დაჯარიმებული, თუ ეს შემთხვევები გაგრძელდება, მეორე შემთხვევა არის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ყველგან აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე", - თქვა გახარიამ.

მისი თქმით, მთავრობა ბიზნესს და ხალხს უდგას გვერდში.

"ეს არ არის ის დრო, როცა ბიზნესი შეძლებს თავის გადარჩენას მარტო ხელისუფლების ან მოქალაქეების გარეშე. ეს შეუძლებელია", - დასძინა მან.

16 ოქტომბრიდან 22:00 საათის შემდეგ აკრძალულია თბილისსა და იმერეთში კაფე-ბარებისა და კვების ობიექტების მუშაობა. რეგულაციების მიხედვით, საარჩევნო კამპანიებზე შეზღუდვები არ ვრცელდება და სწორედ ამ მიზნით, კაფე-ბარების ნაწილი "გირჩის" საარჩევნო შტაბებად გადაკეთდა და აგრძელებს კომერციულ საქმიანობას.

მოქმედი კანონმდებლობით, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია 10 ათასი ლარით ჯარიმდება, დარღვევის განმეორების შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაც.