გამტაცებელმა რამდენიმე მძევალთან ერთად დატოვა ბანკი და პოლიციის ავტომანქანაში ჩაჯდა

ზუგდიდი

„პირველი არხის“ კადრებში ჩანს, რომ გამტაცებელი მძევლებთან ერთად გამოდის ბანკიდან და პოლიციის ავტომანქანაში ჯდება.

რამდენიმე წუთის წინ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში მძევლად აყვანილმა ირაკლი კვარაცხელიამ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ შენობიდან სამი კაცის გარდა ყველანი გამოიყვანეს. მისი ინფორმაციით, პოლიციის წარმომადგენლებმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში. „უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ“, - აღნიშნავს კვარაცხელია.

„საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში მძევლები, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა დაახლოებით 20 მძევლიდან ერთ-ერთს, „მთავარი არხის“ ეთერში დაარეკვინა და მოთხოვნები გაახმოვანებინა. გამტაცებელს სურდა, 500 ათასი დოლარი და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია.