ჯერჯერობით დაუდგენელმა ჰაკერებმა გატეხეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის საიტი. ამის შესახებ ტვიტერით იუწყება კამპანიის პრესმდივანი ტიმ მერტოუ. მისი ცნობით, კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა არ მომხდარა, რადგან ამ საიტზე მსგავსი ინფორმაცია არ ინახება. მერტოუ წერს, რომ საიტი აღდგენილია და სამართალდამცავებთან ერთად მუშაობენ შეტევის წყაროს დასადგენად.
Earlier this evening, the Trump campaign website was defaced and we are working with law enforcement authorities to investigate the source of the attack. There was no exposure to sensitive data because none of it is actually stored on the site. The website has been restored.
— Tim Murtaugh (@TimMurtaugh) October 28, 2020
22 ოქტომბერს, აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ და კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის დაცვის სააგენტომ განაცხადეს, რომ ჰაკერებმა, რომელთა სპონსორი რუსეთის სახელმწიფოა, სექტემბრის შემდეგ კიბერშეტევები განახორციელეს აშშ-ის ათეულობით სამთავრობო და საავიაციო ქსელის წინააღმდეგ და ორ შემთხვევაში შეძლეს ინფორმაციის მოპარვა.
ერთი დღით ადრე, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ჯონ რეტკლიფმა განაცხადა, რომ რუსეთმა და ირანმა მიიღეს წვდომა ამერიკელი ამომრჩევლების მონაცემებზე და შეუძლიათ გამოიყენონ ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად, ქაოსის შესაქმნელად და ამერიკული დემოკრატიის მიმართ ნდობის შესარყევად.
აშშ-ში უკვე დაწყებულია საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის წინასწარ მიცემა. არჩევნები 3 ნოემბერს დასრულდება.