სომხეთს გადაეცა 29 სამხედრო მოსამსახურის გვამები

რუსეთის შუამავლობითა და საერთაშორისო წითელი ჯვრისა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის მონაწილეობით დღეს სომხეთის მხარეს გადაეცა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაღუპული 29 სამხედრო მოსამსახურის გვამები. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის თავდაცვის სამინსიტროს პრესმდივანი.

ამავე დროს საერთაშორისო წითელი ჯვრის შუამავლობით სომხეთში დააბრუნეს ერთი სამოქალაქო პირის ცხედარი.

„სომხეთის მხარე, რჩება რა ჰუმანიტარული ზავის შესახებ შეთანხმებების ერთგული, გამოთქვამს მზადყოფნას, აზერბაიჯანის მხარეს გადასცეს აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეების გვამები, რომლებიც ყარაბაღის მხარეს იმყოფება, დაიწყოს გვამების ევაკუაციის პროცესი მხარეებს შორის პოზიციებიდან ფრონტის მთელ სიგრძეზე, დაიწყოს სამხედრო ტყვეების შესახებ ინფორმაციის გაცვლისა და მომავალში ტყვეების გაცვლის პროცესი,“ ნათქვამია განცხადებაში.