საქართველოს მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ

რესტორნების და კაფეების 22:00 საათამდე მუშაობის წესი მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდა. გადაწყვეტილება დღეს მიიღო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რესტორნებში წვეულებების გამო შეინიშნება ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი, ამიტომ შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესდა.

დღემდე ეს შეზღუდვა ეხებოდა თბილისის, მცხეთის, ბათუმის და იმერეთის რეგიონის რესტორნებსა და კაფეებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1 943 შემთხვევა, რაც წინა დღესთან შედარებით, 91-ით მეტია. დღე-ღამეში 1943 შემთხვევა ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა პიკი - 1941 შემთხვევა 24 ოქტომბერს დაფიქსირდა.

გასულ 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 20 პაციენტი.