ვორონეჟში ჯარისკაცმა ოფიცერი და ორი თანამებრძოლი დახოცა

სამხედრო ნაწილის ჭიშკარი

რუსმა ჯარისკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ოფიცერი და ორი ჯარისკაცი მოკლა და მიიმალა. შემთხვევა 9 ნოემბერს დილით მოხდა რუსეთის ქალაქ ვორონეჟში მდებარე სამხედრო აეროდრომ "ბალტიმორში".

როგორც იუწყებიან, რიგით ანტონ მაკაროვს კამათი მოუვიდა ყარაულის ოფიცერთან. ნაჯახით დაესხა მას თავს, გამოსტაცა პისტოლეტი და დაცხრილა. შემდეგ მოკლა ოფიცრის დასახმარებლად მისული მძღოლი და კიდევ ერთი ჯარისკაცი. სროლის შედეგად დაჭრილია კიდევ ერთი ჯარისკაცი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.

ვორონეჟის სამხედრო პროკურატურის ცნობით, შეიარაღებულმა ჯარისკაცმა შეძლო შემთხვევის ადგილიდან მიმალვა. თავდამსხმელს ეძებენ.