სააკაშვილის თქმით, თუ გამოჩნდა 4-5-6 მოღალატე და პარლამენტში შევა, ისინი „ჩაირეცხებიან“

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მტკიცე არის ოპოზიციის გადაწყვეტილება საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის შესახებ. თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციური პარტიების რიგებში გამოჩნდეს რამდენიმე ადამიანი, რომელიც უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში შევა.

„ოპოზიციამ გამოაცხადა ბოიკოტი, ვერავინ ვერ იყიდეს, ვერავინ ვერ შეაცდინა ივანიშვილმა, ძალიან შავ დღეში არიან, ვერავინ ვერ გადაიბირა. რომც გადაიბიროს 3-4-5 კაცი, მაგითი რა იცვლება?! იმით, რომ 4-5-6 მოღალატე თუ ვინმე ასეთი გამოჩნდა (იმედია, რომ არც ეგ იქნება), სადმე შევა, ამით ისინი ჩაირეცხებიან (ბოდიში ამ სიტყვისთვის) ყველა ერთად, ისტორიულ მორევში. ქართველი ხალხი გაიმარჯვებს“, - თქვა სააკაშვილმა „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე მიმდინარე პირდაპირ ეთერში.

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა - ვინც, ცესკო-ს მონაცემებით, გადალახა ან ვერ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ზღვარი - ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს. პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. ისინი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან არჩევნების გაყალბებაში თამარ ჟვანიას ადანაშაულებენ.

როგორც ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, ისინი მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებენ.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე პირველი დიალოგი 12 ნოემბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.