რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა - დაშლამდე სამი სხვა აქცია დაანონსდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ოპოზიციის აქცია დასრულდა - მის ბოლოს "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგი უგულავამ დემონსტრანტებს მომდევნო დღეებში დაგეგმილი სამი აქციის შესახებაც გააცნო გეგმები და უთხრა, რომ მთავარი გეგმა, რომლითაც ოპოზიცია მოქმედებს, გამძლეობაა. გიგი უგულავას მიერ გაჟღერებული გეგმის მიხედვით, აქციები გაიმართება 17-18 ნოემბერს, როცა საქართველოში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტია დაგეგმილი, ასევე არჩევნების მეორე ტურის დღეს და იმ დღეს, როცა მეათე მოწვევის ერთპარტიული პარლამენტი პირველად შეიკრიბება. გიგი უგულავას თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტისას აქცია მდუმარე იქნება, დისტანციის დაცვით.

„17-18 ნოემბერს საქართველოს ეწვევა ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი, მაიკ პომპეო. ჩვენ ყველა მივესალმებით მას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ჩვენი მთავარი თავისუფლების გარანტი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენელს და ასევე ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს მდუმარე პროტესტს. დავაფენთ თითოეულ სტიკერს, სადაც ეწერება „გაყალბებულია“ და რუსთაველის პირველიდან ჭავჭავაძის გამზირის პირველამდე, მთელი ცენტრალური პროსპექტები მოფენილი იქნება ამ სტიკერებით, დავაფენთ, დავდგებით ზედ და ვიტყვით, გაყალბებულია, გაყალბებულია, გაყალბებულია და ამ სიყალბეს არ მივიღებთ!

ორი მეტრი იქნება თითოეულ ადამიანს შორის დისტანცია. შეიძლება გვერდზე ისეთი მეზობელი იყოს, რომელიც არ გვიყვარს ან ისეთი პარტია, რომელიც არ გიყვარს, მნიშვნელობა არ აქვს ამას. გამოდი! დადექი! თუ თვლი, რომ გაყალბებულია და მნიშვნელობა არ აქვს გვერდზე ვინ დგას იმიტომ, რომ ისიც თვლის, რომ გაყალბებულია, იმიტომ, რომ იმასაც უნდა თავისუფალი არჩევნები, იმიტომ, რომ ისიც ამ ქვეყნის მოქალაქეა და ისიც გრძნობს, რომ თავისუფალი არჩევნების გარეშე არ იქნება წინსვლა, არ იქნება არც გამარჯვება, კეთილდღეობა და მშვიდობა. ამიტომ გვერდზე აღარ უნდა ვიყუროთ, ერთი გეზი გვაქვს და უნდა ვიყუროთ წინ. ეს აქცია იქნება უმნიშვნელოვანესი სიგნალი მთელი მსოფლიოს მიმართ, რომ ჩვენ, ქართველი ხალხი, არ შევეგუებით სიყალბეს და არასდროს დავუჩოქებთ ოლიგარქს“, - განაცხადა უგულავამ.

21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურისას აქციებს ცოცხალი ჯაჭვის სახე ექნება.

"მეორე ტური არის სიყალბე და ჩვენ, ქართველი ხალხი არ ვცნობთ სიყალბეს“, - უთხრა გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დემონსტრანტებს. პარლამენტის პირველი შეკრების დღის კი, "მათ მოუწევთ ჩვენს სხეულზე გადაბიჯება", - ასეთია უგულავას გეგმა.

"როდესაც ძალით ფურცელზე შეკოწიწებული „ივანიშვილის პატიოსან გვამთა ერთობა“, რომელსაც ისინი უწოდებენ პარლამენტს, გადაწყვეტს ამ შენობაში შეკრებას ანუ ე.წ. პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღეს, ჩვენ ყველა, ქუდზე კაცი შევიკრიბებით აქ და მათ მოუწევთ ჩვენს თვალებში ჩახედვა, მათ მოუწევთ ჩვენს სხეულზე გადაბიჯება იმისთვის, რომ შევიდნენ აქ და „გაუპრავონ“ ივანიშვილს ის, რაც მისთვის არ მიუცია ქართველ ხალხს, ის, რაც მას არ ეკუთვნის. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა და, ამავე დროს, ჩვენ ვესაუბრებით მათ“, - განაცხადა უგულავამ.

14 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციის დაწყებამდე ოპოზიცია და მმართველი პარტია ერთმანეთს მოლაპარაკების მაგიდასთან მეორედ შეხვდა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში - შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს ლეგიტიმურად. აქციები მათთვის ბრძოლის ერთ-ერთი ფორმაა - დაარწმუნონ ხელისუფლება მათი მოთხოვნების შესრულების აუცილებლობაში.