40-წელს მიკაკუნებულის ცხოვრების რეტროსპექტივა

ავტორი: სალომე

1985-1989-იანები - ბუნდოვნად მახსოვს სადღაც „სოჩაში“ ვიყავით ... მერე არაფერი ...და მერე მშობლების თაობა შფოთავს, ბებია-პაპები ოხრავენ, რაღაც მიტინგებია და ვიღაცეები მღერიან, ვიღაცეები მოკლეს - ტანკები, ტირილი, მშობლები ღრიალებენ, ბებია-პაპები ოხრავენ და...

1990-1999 - ომია, დედაქალაქში ომია, გარეთ ვერ გავდივართ - ისვრიან, აფეთქებენ, მშობლები კამათობენ რა ხდება/რა უნდა მოხდეს, ბებია-პაპები ჩუმად არიან და ნერვიულობენ, ხანდახან ტირიან... კიდევ სადღაც ომებია - ჩვენები და „მტრები“ ტელევიზორში აცხადებენ დაღუპულების სახელებს და ასაკს, ვიღაცეები ჩხუბობენ- სახლშიც, მეზობლადაც, ეზოშიც, ბებია-პაპები - „ეგეც თქვენი თავისუფლება“... ცივა, ბნელა, დენი არ არის, გათბობის „ჩუგუნის“ ბატარეა კედლიდან ცინიკურად მიყურებს... ნავთი იშოვეს - ლამფას ავანთებთ, „სალიარკა“ - უი რა კარგია - რაღაცა „კერასინკებია“ მაგაზე და გავთბებით... სკოლაში მაინც დავდივართ და „ვერთობით“... ტროლეიბუსს გაკიდებიხართ და ჩამოკიდებიხართ - ხო კარგი იყო? J კლასში ქონების შეშის ფეჩში „დიმაუშკა“ გახსოვთ? ... მეზობელი, რომ სულ ცოლს ურტყავდა - „ეგ ომში ნამყოფია და გაუბერა - რა ქნას“, „მაგან სამსახური ვერ იშოვა და რა ქნას - სვავს“ – „მაგისი ცოლი ტორტებს აცხობს და იმდენ ფულს შოულობს, მაგრამ ქმარს არ აძლევს და აბა რას იზავს „

... სკოლაც დასრულდა, ისა და „თუ კომისიის წევრთან არ ემზადები - ვერ მოხვდები უნივერსიტეტში უფასოზე“ ... ფასიანზე გინდა - იმუშავე და კი ბატონო... ისა და „მუშაობის გამო რომ ლექციებს აცდენ - გაგრიცხავთ იცოდე“, ფული გადაუხადე ექიმს, ლექტორს, ამბობენ „გაიშნიკსაცო“....

„ჩვენ დაკარგული თაობა ვართ „ ოხრავს მშობლების თაობა, „რა ქვეყანა დაანგრიეს“ ოხრავენ ბებია-პაპები.... და ისა - ვინ დაანგრია? რატომ? ვინ რა გააკეთა და გააფუჭა და ვინ აგო პასუხი შეცდომებზე? ვისი ბრალია - სხვისი, სხვისი ოღონდ არა ჩვენი... სხვისი თუ არა ცხოვრების, ბედის....

2000-2010 - არჩევნებში მონაწილეობის უფლება - რა სასიხარულოა - მაგრამ რას ამბობენ? „პენსიების გაზრდა“, პურის ფასი“, „დენის ფასი“ .. ისა და მე რას მპირდებით - მე ?! ვიღაცეები მიყავთ ხოლმე მიტინგებიდან და სადღაც ტყეში ტოვებენ, ან ქრებიან, ან რაღაცეები კიდევ .. და ისა - მშობლების და ბებია-პაპების თაობა წყვეტს ისევ მე როგორ და რა ქვეყანაში ვიცხოვრო....

მოგვბეზრდა და ჩვენი ჯერი მოვიდა „მიტინგების“ ... ოღონდ ყველას გვეშინოდა, ის ტანკები სულ გვახსოვს - ტანკები ხომ მიტინგებთან ასოცირდება. „რა ბედნიერებაა - რევოლუცია მოხდა და არავინ მოკლეს....“ ისე და მაინც - დაშავდნენ, ემოციურადაც ბევრი და ფიზიკურადაც მაგრამ „ტანკები“ ხომ არ იყო - გვიხარია .... და ყველას ჯეროდა რომ „ხვალ“ უკვე კარგი დღე იქნება, ყველა პრობლემა მოგვარდება - ისინი მოაგვარებენ - ისინი, ვიღაცეები, ჩვენ პურის ფული ვიშოვოთ და ქვეყანას სხვები დაალაგებენ, მშობლები შფოთავენ, ბებია-პაპები გაჩუმდნენ და მხოლოდ თავს აქნევენ, ჩვენ სამუშაო ფერხულში ჩავებით - ჩვენ ხომ უკეთესი თაობა ვართ, ჩვენ უკეთ გავაკეთებთ - გვჯერა... ჩვენ ფულის კეთება ვისწავლეთ, საზღვრებს გარეთაც სწავლა ნელ-ნელა შეიძლება - ნუუ ოღონდ მდიდრებისთვის - აი ვისი მშობლებიც მდიდრები არიან.. ნუუ კარგია- ხომ ჩამოვლენ და ჩვენც „მოგვხედავენ“, გვიშველიან, ...

ისა და რაღაც აღარ მოგწონს უკვე... „ტელეფონიდან კარტა ამოიღე - გათიშულზეც გვისმენენ“, რა ვიცი მეშინია და... დროდადრო - მიტინგები, ერთმანეთის გინება/ცემა/მოკვლა...

მშობლების თაობა: „აი რუსეთი რომ არ გინდათ მაგიტომ-იყავით ეგრე“, ისა და - თქვენ არ იყავით მაშინ? - თქვენ დღემდე არ აღიარებთ, რომ შეცდომები დაუშვით ხალხის არჩევაში, თქვენ არ იყავით რომ თავისუფლება ერთმანეთის შეურაცხყოფა/ფულის წართმევა/ავტომატით სირბილი გეგონათ...

გაბრაზებისგან ყელში ბურთი მაწვება....

ისა და დავიფიცოთ რომ ჩვენც ეგეთები არ გავხდებით....

ვაგებინოთ მათ პასუხის - მათ და არა ჩვენ - ჩვენ რა შუაში ვართ - აბა ვინ აგო პასუხი ან ვინ აგებინა პასუხი ვინც ქვეყანას ეს დამართა...

2010-2020 - ეხლა ჩვენი ჯერი მოვიდა - ჩვენ ვართ ის „მშობლების თაობა“... და უი... ისევ მიტინგები - ისევ შეურაცხყოფები, ისევ „რა ქნას კაცმა ნერვიულობს და ნუ გამოიწვევს ცოლი რაა“ ....

ისევ ვიბრძვით - ოღონდ ეხლა ჩვენი ქონების, პოზიციის და კიდევ რა ვიცი ათასი რამისთვის - ისევ ვიშვიში და ისევ არავინ არაფერზე აგებს პასუხს -

და ხვალ ვინმეს შვილი იკითხავს - და „თქვენ არ იყავით“ იქ/ისინი - მე რა შუაში ვარ ... და ჩვენ ვეტყვით - ჩვენ არა - „იმათი“ ბრალია -სხვების... და სხვების თუ არა - ბედის, ცხოვრების ყველასი ოღონდ მე არაფერ შუაში ვარ - მე რა შემიძლია...

და იმედია, რომ შეგრცხვება რომ ჩვენ ვიყავით და ვართ - ყოველ შემთხევვაში ჯერჯერობით - ეს ჩვენ ვართ - ეს ქვეყანა ჩვენ ვართ და ვაგოთ პასუხის ჩვენს ქმედებებზე და გადაწყვეტილებებზე...