მიხეილ სააკაშვილი: ამ პარლამენტს და ხელისუფლებას ხალხი უბრალოდ წალეკავს

ფოტოარქივი: მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩართვა თბილისში გამართულ ერთ-ერთ მიტინგზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში შექმნილ სიტუაციას „რთულს“ უწოდებს და წინასწარმეტყველებს, რომ ხალხი უბრალოდ წალეკავს პარლამენტსა და ხელისუფლებას.

„ისევ როგორც ეს მოხდა ყირგიზეთში, როგორც მოხდა უკრაინაში, როგორც მოხდა საქართველოში 2003 წელს და როგორც ახლა ხდება ბელარუსში. ამ პარლამენტს და ამ ხელისუფლებას ხალხი უბრალოდ წალეკავს. რადგან 21-ე საუკუნეში არავის არ შეუძლია მოიპაროს ხმები, როგორც ეს საქართველოში მოხდა“, - განაცხადა სააკაშვილმა რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ რუსულენოვან არხ „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ინტერვიუში.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში ხალხი ორგანიზდება და ის ელოდება კორონავირუსის დასრულებას.

შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს ქუჩის აქციების გაგრძელებას პანდემიის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ჰქონდა მხედველობაში.

„არა, მე ვთქვი, რომ ამას ჩვენ გავაკეთებთ. თუ როგორ გავაკეთებთ, ამას დაინახავთ. მოიმარაგეთ „პოპკორნი“. არავის არ შერჩება 2020-2021 წლებში არჩევნების ბანალურად მოპარვა. ჩვენ არ ვართ ბანანის რესპუბლიკა“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ აპირებს საქართველოში დაბრუნებას, მაგრამ არ სურს კვლავ პრეზიდენტობა ან რაიმე მაღალი თანამდებობის დაკავება.

„საერთოდ, მე არ ვისწრაფვი ხელისუფლებისკენ არც საქართველოში და არც უკრაინაში. ეს არ ნიშნავს, რომ მე უარს ვამბობ ამ ქვეყნებში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე. მე ვისურვებდი მოთამაშე მწვრთნელის როლს“, - აცხადებს სააკაშვილი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყო.

გასულ კვირაში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ დაარეგისტრირებენ კანონპროექტს, რომლითაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება ისეთ პარტიას, რომლის კამპანიაშიც მონაწილეობას არაუფლებამოსილი, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი მიიღებს.

ამ კონტექსტში მან ახსენა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.