დსთ-ის ვირტუალურ სამიტზე იმსჯელეს COVID-19-ზე, მთიან ყარაბაღსა და თანამშრომლობაზე

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, ამჟამად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) გაწევრიანებული ქვეყნების ლიდერებმა 18 დეკემბერს ინტერნეტით სამიტი გამართეს და რამდენიმე საკითხი განიხილეს - მათ შორის, გლობალური პანდემია და მთიან ყარაბაღში შეტაკებების შემდეგ არსებული ვითარება. სამიტის დღის წესრიგში იყო ასევე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის და დსთ-ის ქვეყნების უფრო მჭიდრო ინტეგრაციის საკითხები.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამიტის მონაწილეებს უთხრა, რომ მისი ქვეყანა დსთ-ის ყველა სხვა წევრს დაეხმარება COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში და მათ მიაწვდის ვაქცინას Sputnik V-ი, ისევე, როგორც რუსეთის ლაბორატორიებში შექმნილ სხვა ვაქცინებს.

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ ტოყაევის თქმით, ვაქცინა Sputnik V-ის წარმოებას მისი ქვეყანაც დაიწყებს, და ქვეყანა ასევე გამოუშვებს თავის საკუთარ ვაქცინას.

ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ტალანტ მამითოვმა განაცხადა, რომ ბიშკეკი დაინტერესებულია რუსეთისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებაში.