სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა ინდონეზიაში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად

სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა წუხელ ინდონეზიაში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად, რომლის ეპიცენტრადაც იქცა კუნძული სულავესი.

აშშ-ის გეოლოგიური კვლევების ცენტრის თანახმად, 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ბიძგები შეიგრძნობოდა 36 კილომეტრის რადიუსში. მიწისძვრის შედეგად ათასობით ადამიანი იძულებული გახდა შუაღამის საათებში მიეტოვებინათ თავიანთი სახლები.

ოფიციალური ინფორმაციით, ეპიცენტრის არეალში მიწისძვრამ გამოიწვია მეწყერი, დაანგრია ხიდები, საცხოვრებელი სახლები და სასტუმროები, დენის გარეშე დატოვა მოსახლეობა.

იმ დროს, როდესაც მაშველები განაგრძობენ ნანგრევებიდან მოსახლეობის გამოყვანას და დაკარგულთა მოძიებას, ინდონეზიის ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.