საოკუპაციო ძალებმა გაათავისუფლეს 18 იანვარს სოფელ ხურჩასთან დაკავებული სამი მოქალაქე

საოკუპაციო გამყოფი ზოლი ენგურის ხიდთან

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დღეს, 18 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე.

როგორც სუს-ი იტყობინება, მათ დაუყოვნებლივ გააქტიურეს „ცხელი ხაზი" და მოითხოვეს უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებილ გათავისუფლება. „მყისიერად მოხდა პროცესში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ჩართვა", - აღნიშნავს სუს-ი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ მათ ჯერ დაუდასტურეს სამი მოქალაქის დაკავება, შემდეგ კი მათი გათავისუფლების შესახებ აცნობეს: „ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელმა „ცხელი ხაზით" დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები სამი პირის უკანონო დაკავების ფაქტი, ასევე „ცხელი ხაზით" საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღნიშული პირები უკანონო პატიმრობაში აღარ იმყოფებიან". სუს-ის პრესსამსახურმა მოქალაქეების გათავისუფლება რადიო თავისუფლებასთან საუბარშიც დაადასტურა.

სუს-ის შეფასებით, „საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას ისე რეგიონში არსებულ სტაბილურობას".