ჯო ბაიდენმა პატივი მიაგო COVID-19-ით გარდაცვლილთა ხსოვნას

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან პატივი მიაგო COVID-19-ით გარდაცვლილი 400 000-ზე მეტი ამერიკელის ხსოვნას. ცერემონიაში მონაწილეობდნენ მომავალი პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მისი მეუღლე დაგლას ემჰოფი.

ჯო ბაიდენი ვაშინგტონში 19 იანვარს ჩავიდა დელავერის შტატიდან, რომელსაც წლების განმავლობაში წარმოადგენდა აშშ-ის სენატში.

დღეს, 20 იანვარს ვაშინგტონში გაიმართება ჯო ბაიდენის ინაუგურაცია. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ფიცს დადებს კაპიტოლიუმის შენობასთან. ფიცს დადებს აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც.

160 წლიან ტრადიციას დაარღვევს და ინაუგურაციას არ დაესწრება აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მომხრეთა შეჭრის და ინაუგურაციის დღეს მოსალოდნელი აქციების გამო, ვაშინგტონში მიღებულია უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები. კაპიტოლიუმთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია ათასობით გვარდიელი და პოლიციელი.