საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთია, საიმპორტო - თურქეთი

2020 წელს, წინა წელთან შედარებით 14.8%-ით შემცირდა საქართველოს საგარეო ვაჭრობა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, ექსპორტი 12%-ით ნაკლებია, ხოლო იმპორტი 15.9%-ით ნაკლები. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1% შეადგინა.

2020 წელს საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში პირველი ჩინეთია(14.3%), რომელსაც მოსდევენ აზერბაიჯანი(13.2%) და რუსეთი(13.2%). ათეულში არიან ბულგარეთი, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, შვეიცარია, ესპანეთი და აშშ.

უმსხვილესი საექსპორტო საქონელია: სპილენძის მადანი, მსუბუქი ავტომობილები, ფეროშენადნობები, ღვინო და სპირტიანი სასმელები.

საიმპორტო პარტნიორი ქვეყნებიდან პირველი თურქეთია(17.6%), შემდეგ რუსეთი(11.1%) და ჩინეთი(8.9%). ათეულში არიან აშშ, აზერბაიჯანი, სომხეთი, გერმანია, უკრაინა, იტალია და ბრაზილია.

2020 წელს, უმსხვილესი საიმპორტო საქონელი იყო მსუბუქი ავტომობილები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები და სამკურნალო საშუალებები.