სახიფათო ინტერნეტ-სატყუარა

ინტერნეტ-ფენომენმა სახელად “QAnon” ციფრული სამყაროდან პოლიტიკურ ცხოვრებაში გადაინაცვლა.

გვატყუებენ: სინამდვილეში დედამიწა ბრტყელია, მსოფლიოს ილუმინატები მართავენ, რეპტილოიდი უცხოპლანეტელები ჩვენს შორის არიან და დამონებას გვიპირებენ... შეთქმულების თეორიები და ამ თეორიებით შეპყრობილი ადამიანები ყოველთვის არსებობდენ და QAnon-საც თავიდან უბრალოდ ტროლების მოძრაობას უწოდებდნენ. მაგრამ სულ რაღაც სამ წელიწადში ის საშიშ ექსტრემისტულ დაჯგუფებად გადაიქცა.

ბრძოლა “სატანისტი-პედოფილების” წინააღმდეგ

“საოცრებათა ქვეყანაში ვიმოგზაურე და უკან დავბრუნდი” - მიყვება “QAnon”-ის ყოფილი მიმდევარი, 32 წლის ავსტრალიელი ჟიტარ ჟადეჟა. მას სიდნეის დროით ღამის 2 საათზე დავუკავშირდი. ჟიტარი ძილს არ აპირებდა, რადგან რამდენიმე საათში CNN-ის კორესპონდენტისგან ზარს ელოდა. საკუთარი კომპიუტერის ეკრანს მაჩვენებს. მისი საფოსტო ყუთი ჟურნალისტების წერილებითაა სავსე.

“სატანისტ-პედოფილებთან ბრძოლას თითქმის ერთი წელია შევეშვი”, - სიცილით მეუბნება ჟიტარი. კონსპირაციები 2012 წლიდან აინტერესებდა, თუმცა კურდღლის სოროში 2016 წლის არჩევნების შემდეგ გადაეშვა. იხსენებს, რომ საპრეზიდენტი არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ საბოლოოდ დაკარგა მეინსტრიმული მედიის ნდობა.

ჟიტარ ჟადეჟა. ყოფილი "ანონი"

“ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ ვერ მოიგებდა. მან კი მოიგო” - გაწბილებულმა “სანდო” ალტერნატივას 2017 წლის ოქტომბერში მიაგნო

სწორედ მაშინ ფორუმზე “4Chan” მოხმარებელმა სახელით “Q Clearence Patriot” დაწერა, რომ აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანია და ფლობს “საიდუმლო ინფორმაციას” პრეზიდენტ ტრამპის ახლო გარემოცვიდან.

ამ “საიდუმლოს” დედააზრი ასეთი იყო: დემოკრატ პოლიტიკოსებს, ჰოლივუდის ვარსკვლავებსა და ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს შორის მრავლად არიან სატანისტი-პედოფილები. ერთად ისინი ბავშვებით ვაჭრობენ და ამერიკას ძირს უთხრიან. თუმცა განკითხვის დღე ახლოვდება - მათი მთავარი მოწინააღმდეგე, დონალდ ტრამპი მალე ყველა პედოფილს ამხელს. ეს მოვლენა ისტორიაში “დიდი გამოღვიძების” სახელით შევა. მიმდევრებმა “მაღალჩინოსანს” “Q”, საკუთარ თავს კი “Q-ანონები” უწოდეს. სულ ცოტა ხანში ძალიან ბევრნი გახდნენ. განსაკუთრებით ტვიტერის მომხმარებლები აქტიურობდნენ.

QAnon სოციალურ ქსელებში

2017 წლის ოქტომბერი - 2020 წლის ივნისი

განსაკუთრებით მკვეთრი ზრდა პანდემიის დაწყების შემდეგ, 2020 წლის მარტიდან შეინიშნება.

ამერიკული ორგანიზაცია Digital Forensic Research Lab-ის უმცროსი რედაქტორი ზარინე ხარაზიანი შეთქმულების თეორიებს დიდი ხანია იკვლევს. ყურადღებით აკვირდებოდა “QAnon”-ის აღზევებასაც. მეუბნება,რომ “QAnon” უკვე პოლიტიკური მეინსტრიმის ნაწილია, რადგან შარშან მათი რამდენიმე მომხრე აშშ-ის კონგრესში მოხვდა.

მოძრაობა ძალებს იკრებს ამერიკის საზღვრებს მიღმაც. “QAnon”-ის ატრიბუტიკა შენიშნეს კორონა-დისიდენტების საპროტესტო აქციებზე დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. თეორია სულ უფრო პოპულარული ხდება სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაშიც.

ტერორისტული საფრთხე

“ეს მხოლოდ დროის ამბავია, სამართლიანობა ახლოვდება”, - ეს შეტყობინება 33 წლის ჯეიქ ანჯელიმ კაპიტოლიუმის შტურმისას ამერიკასა და დანარჩენ მსოფლიოს გაუგზავნა.

6 იანვარს, QAnon-ის სხვა მიმდევრებთან ერთად, ანჯელი კონგრესის შენობაში შეიჭრა. წელს ზემოთ შიშველს, “საფირმო” რქიანი ბეწვის ქუდი ეხურა. სამყარომ “Q შამანის სახელით” სწორედ მაშინ გაიცნო, თუმცა Მ იქამდე იმავე ქუდით ხშირად ჩნდებოდა ულტრამემარჯვენე ჯგუფების თავყრილობებზე, გამოდიოდა Black Lives Matter მოძრაობის წინააღმდეგ და აპროტესტებდა კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც განაცხადა, შავი მაგიის მწამსო. ახლა “Q შამანს” 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კაპიტოლიუმში ძალადობრივი შეჭრა ბევრისთვის მოულოდნელობა გახდა, თუმცა ასე არ უნდა ყოფილიყო FBI-ისთვის, რომელმაც QAnon პოტენციურ საშინაო ტერორისტულ საფრთხედ ჯერ კიდევ 2019 წელს შეაფასა.

საამისოდ საკმარისი საფუძველი დაგროვდა - 2018 წლის ივნისში 30 წლის მეთიუ რაითმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ივლისში კი 39 წლის მაიკლ ლიუის ართურ მეიერი ცემენტის ქარხანაში შეიჭრა. ორივემ დანაშაულის ჩადენის მოტივად “QAnon”-ის იდეების დაცვა დაასახელა.

FBI-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ხაზგასმული იყო, რომ ციფრულ სივრცეში შეთქმულების თეორები სულ უფრო სახიფათო ხდება.

რატომ უბიძგებს QAnon ადამიანებს ძალადობისკენ? ჟიტარმა ამ კითხვაზე პასუხი კარგად იცის.

"დაგვაჯერეს, რომ ჩვენი მტრები იმდენად ცუდები არიან, რომ მათ წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედებებია გამართლებული", - ამბობს იგი.

რატომ გახდა QAnon პოპულარული?

ახლა საკუთარი ისტორიის მოყოლისას ბევრს იცინის, მაგრამ ამბობს, რომ 2017 წელს თავს ძალიან ცუდად გრძნობდა - “უნივერსიტეტს ვერ ვამთავრებდი, არ ვმუშაობდი, პარტნიორიც არ მყავდა… სულ იმას ვფიქრობდი, რატომ არაფერი გამომდიოდა.“

ამ დროს “QAnon”-მა სამყაროს გამარტივებული ხედვა შესთავაზა - “ჩვენ კარგი ტიპები ვიყავით და ბოროტი ტიპების დასამარცხებლად გავერთიანდით”.

მსგავს ისტორიას ბევრი ყოფილი ანონი ყვება. Q-ს სიტყვებში ისინი საკუთარი ცრურწმენების, საკუთარი შიშების დასტურს ხედავდნენ.

ზარინე ხარაზიანი

“Q გამუდმებით იყენებს სხვა შეთქმულების თეორიებს და მათ საკუთარ ნარატივებს არგებს. სწორედ ამის ხარჯზე მოძრაობა სწრაფად ფართოვდება. მაგალითად, ადამიანები, რომლებსაც არ სწამთ ვაქცინების ეფეტურობის, ან ფიქრობენ, რომ კორონავირუსი 5G ანძებით ვრცელდება, მარტივად იჯერებენ QAnon-ის მესიჯებსაც”, - მეუბნება ზარინე ხარაზიანი.

მართალია “QAnon”-ელებს კონკრეტული იდეოლოგიები აერთიანებთ, მაგრამ მკვლევრების აზრით, საქმე მხოლოდ შეხედულებებში არაა. “QAnon”-ს ხშირად რელიგიურ კულტს და კომპიუტერულ თამაშს ადარებენ. მიმდევრები სამეცნიერო-ფანტასტიკურ სიუჟეტებს განიხილავენ, სწამთ ზებუნებრივი ძალების და ერთმანეთს პოპ-კულტურის ენით ელაპარაკებიან. ზოგი საკუთარ თავს საოცრებათა ქვეყანაში მოხვედრილ ალისასთან, ზოგიც ფილმ “მატრიცას” მთავარ გმირთან, ნეოსთან აიგივებს.

“QAnon-ელთა” კიდევ ერთ კერპს, დონალდ ტრამპს მათთვის ღიად მხარი არასდროს დაუჭერია. თუმცა პრეზიდენტის კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ ეს მას პასუხისმგებლობისგან არ ანთავისუფლებს. ძირითადად, ორი მიზეზით:

  • ტრამპი აქტიურად აზიარებდა QAnon-ის მხადამჭერების პოსტებს საკუთარ ტვიტერზე,
  • მან რამდენჯერმე უარი განაცხადა, დაეგმო QAnon-ელთა ქმედებები და ისინი პატრიოტებად მოიხსენია.

სალომე აფხაზიშვილი

გამოცემა “ჩაიხანას” მედია-წიგნიერების პროგრამის ხელმძღვანელი სალომე აფხაზიშვილი აშშ-ში ორი წლის განმავლობაში სწავლობდა. მეუბნება, რომ ტრამპის ხისტმა რიტორიკამ გაზარდა უნდობლობა მეინსტრიმული მედიის მიმართ. შედეგად, ბევრი ადამიანისთვის დეზინფორმაციის დაჯერება უფრო მარტივი გახდა.

კვლევები აჩვენებს, რომ სამი წლის განმავლობაში “QAnon”-ის პოპულარობა ტალღისებრად იზრდება. უკანასკნელი (და ყველაზე დიდი) ტალღა 2020 წელს, კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად დაიწყო.

“შეთქმულების თეორიები ჩვენს სისუსტეებზე მუშაობს. პანდემიის დროს მილიონობით ადამიანმა ემოციური შოკი მიიღო. ამით დეზინფორმაციის გასავრცელებლად ნაყოფიერი ნიადაგი შეიქმნა”, - ამბობს სალომე აფხაზიშვილი.

“გაჩერდი, დაფიქრდი, და ისე იმოქმედე”

2020 წლის მეორე ნახევრიდან, Facebook-მა, Twitter-მა და Youtube-მა QAnon-თან დაკავშირებული ათასობით ანგარიში და ჯგუფი დაბლოკეს. ზარინე ხარაზიანის შეფასებით, ეს ნაბიჯი იყო სწორი, თუმცა დაგვიანებული.

“მათ გაცილებით ადრე უნდა ემოქმედათ. მსგავსი ზომები ორი წლის წინ რომ მიეღოთ, QAnon-ის შეჩერება უფრო მარტივი იქნებოდა. ახლა კი ამას უკურეაქცია შეიძლება მოჰყვეს, - ამობს იგი - მოძრაობა ალტერნატიულ პლატფორმებზე გადაინაცვლებს და უფრო ექსტრემალური გახდება. გამოცდილებამ უკვე გვიჩვენა, რომ მსგავსი ჯგუფების იზოლირება მათ საპასუხო გააქტიურებას იწვევს”.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ოვალური კაბინეტი ჯო ბაიდენს გადაულოცა, ზოგ ანონს საკუთარ სიმართლეში ეჭვი შეეპარა. თუმცა ზარინე ხარაზიანი ფიქრობს, რომ მოძრაობა უახლოეს მომავალში არ გაქრება, რადგან “ანონებს აქვთ უნდობლობის განცდა ყველაფრის მიმართ, რაც ირგვლივ ხდება”. სწორედ ამ უნდობლობაზე დაყრდნობით, კონსპიროლოგები კვლავ ეცდებიან, მოარყიონ დემოკრატიული ინსტიტუტები.

სალომე აფხაზიშვილი მეუბნება, რომ QAnon-ს მხოლოდ იმ შემთხვევაში დამარცხდება, თუკი მედია თავის ფუნქციას სწორად შეასრულებს. მისი აზრით, ჟურნალისტების ყურადღების მიღმა ხშირად რჩება პრობლემის ადამიანური მხარე.

“მედიამ მსგავს ისტორიებში მეტი ადგილი უნდა დაუთმოს ინდივიდებს და საზოგადოებას უამბოს მათი ფსიქო-სოციალური მდგომარეობის შესახებ. ცხადია, მათი იდეების და ქმედებების რომანტიზება არ უნდა ხდებოდეს, თუმცა აუცილებელია, გავერკვიოთ პრობლემის სიღრმისეულ მიზეზებში”, - ამბობს სალომე აფხაზიშვილი.

პანაცეა არ არსებობს. მეტიც, ექსპერტები ერთ რამეზე თანხმდებიან - დეზინფორმაციამ ნებისმიერ ჩვენგანზე შეიძლება იმოქმედოს.

“მცდარია მოსაზრება, თითქოს შეთქმულების თეორიების მხოლოდ დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე, გაუნათლებელ ადამიანებს სჯერათ. ეს ყველას შეიძლება დაემართოს. განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ იმ ამბებს, რომელიც ჩვენს ემოციებზე აპელირებს”, - გვირჩევს ზარინე ხარაზიანი.

სალომე აფხაზიშვილი კი მოგვიწოდებს, შევინარჩუნოთ კრიტიკული კითხვების დასმის უნარი.

“დღეს ყველანი ვართ მოწყვლადი ყალბი ინფორმაციის მიმართ, რადგან არაორდინალურ გარემოში ვიმყოფებით. გაჩერდი, დაფიქრდი და ისე იმოქმედე - თითქოს ძალიან მარტივი ფორმულაა, მაგრამ მისი გამოყენება ახლა რთულია, როგორც არასდროს”, - ამბობს სალომე.

იმავე აზრზეა ყოფილი ანონი - ჟიტარიც. ის დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში, კრიტიკულმა აზროვნებამ გადაარჩინა. სწორად დასმულმა კითხვებმა მტკივნეულ აღმოჩენამდე მიიყვანა - ის, რასაც თავიდან ლოგიკურ მსჯელობად აღიქვამდა, სინამდვილეში მისი ემოციებით მანიპულირება იყო.

ჟიტარ ჟადეჟა

“რთულია აღიარო, რომ წლების განმავლობაში ცდებოდი. რთულია აღიარო, რომ გაგასულელეს. არავის უნდა, მსოფლიოში ყველაზე სულელი ტიპი იყოს. უკან დასაბრუნებლად ძლიერი მოტივაცია გჭირდება”, - მეუბნება ჟიტარი.

ეს ეტაპი ჟიტარმა უკვე გადალახა და ჩვეულებრივ ცხოვრებასაც დაუბრუნდა. დაასრულა სწავლა და იშოვა სამსახური. ხუმრობს, რომ კორონავირუსმა “QAnon”-ისგან განთავისუფლება არ შეარგო.

ახლა მოდერატორია ინტერნეტ ფორუმ “REDDIT-ის” რამდენიმე ჯგუფში, სადაც ადამიანები ყვებიან, როგორ დაკარგეს ოჯახის წევრები და ახლობლები შეთქმულების თეორიების გამო.

ჟიტარი მათ მოთმინებისკენ მოუწოდებს - “მოუსმინეთ, რამდენადაც შეგიძლიათ. დააკვირდით მათ ქცევას, მაგრამ მიიღეთ მათი შეხედულებები, როგორც მოცემულობა. საკუთარი თავის პატივისცემა უნდა შეინარჩუნონ. სხვანაირად უბრალოდ ვერ გამოიღვიძებენ.”

ვინ არის Q? ვინ დგას მის უკან, და რა მიზნები ამოძრავებს? ამ და ბევრ სხვა კითხვაზე პასუხი ჯერაც არ გვაქვს. ამასობაში, ათასობით ადამიანს კვლავ ჰგონია, რომ “მატრიცას” პროტაგონისტის, ნეოს მსგავსად, წითელი აბი მიიღო და ჭეშმარიტებაზე თვალი აეხილა. თუმცა ანონების გამოღვიძებ უკვე დაიწყო. ჟიტარ ჟადეჟას მსგავსად, ბევრი უკვე დარწმუნდა - ვიღაცა ყველაფერს შვებოდა საიმისოდ, რათა მათი თვალები პირიქით, “ფართოდ დახუჭული” ყოფილიყო.