ბიშკეკში გაიმართა ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვის ინაუგურაცია

ინაუგურაციის ცერემონია ბიშკეკში. ცენტრში: სადირ ჟაპაროვი.

სადირ ჟაპაროვმა, რომელიც ჯერ კიდევ სამი თვის წინ ციხეში იჯდა მძევლების გატაცების ბრალდებით, ყირგიზეთის პრეზიდენტის ფიცი დადო მიმდინარე თვეში გამართულ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ. 52 წლის ჟაპაროვის ინაუგურაციის ცერემონია 28 იანვარს გაიმართა ბიშკეკის ფილარმონიის დარბაზში.

ყირგიზეთი კრიზისში იმყოფება მას შემდეგ, რაც ოქტომბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს საპროტესტო გამოსვლების ტალღა მოჰყვა, რამაც მთავრობისა და მაშინდელი პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის გადადგომა გამოიწვია.

2005 წლის შემდეგ ეს მესამე შემთხვევაა, რაც ყირგიზეთში პრეზიდენტი და მისი მთავრობა საპროტესტო გამოსვლების შედეგად ჩამოაგდეს.

ჟაპაროვი ერთ-ერთია იმ მაღალი რანგის პოლიტიკოსთა შორის, რომლებიც არეულობების დროს გაათავისუფლეს ციხიდან. მას 10 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი 2013 წლის საპროტესტო გამოსვლების დროს მძევლების აყვანისთვის. ჟაპაროვი უარყოფს ბრალდებებს.