მსახიობებმა, სწავლულებმა და მწერლებმა გამოაქვეყნეს წერილი რუსეთში თავნებობის წინააღმდეგ

რუსეთში სწავლულებმა, მსახიობებმა, რეჟისორებმა, მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა გამოაქვეყნეს მიმართვა ქვეყნის მოქალაქეებისადმი, მთავრობისა და პოლიტიკური პარტიებისადმი, რომელშიც პროტესტს გამოთქვამენ პოლიტიკური დევნის, მშვიდობიანი აქციების ძალადობრივი დარბევისა და სასამართლოში თავნებობის შესახებ.

მიმართვაში პირდაპირ ნახსენები არ არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, თუმცა ტექსტი მათ შორის ეხება მის დევნას და ზეწოლას მის მხარდამჭერ დემონსტრანტებზე, რომელთაგანაც ათასები იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში დააპატიმრეს.

მიმართვის ავტორები წერენ, რომ რუსეთის მოქალაქეები ქუჩებში გავიდნენ და მშვიდობიან აქციებს შეუერთდნენ საიმისოდ, რომ „პროტესტი გამოეხატათ პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ - თავდასხმების, სისხლის სამართლის საქმეების შეთითხნის და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების წინააღმდეგ. ამგვარი მოვლენები, რომლებიც დიქტატურას ახასიათებს, მიუღებელია თანამედროვე საზოგადოებაში, შეუთავსებელია ჩვენი ქვეყნის განვითარების ამოცანებთან, და ქვეყანას აბრუნებს ტოტალიტარულ წარსულში“.

ტექსტში აღნიშნულია, რომ მთავრობამ ამ აქციების ნებართვა არ გასცა, რაც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების პირდაპირი დარღვევაა. „თუკი ქვეყანაში ტარდება კენჭისყრა და არჩევნები, მასში არ შეიძლება ამავდროულად აკრძალული იყოს თავშეყრა და მიტინგები“.

„ღრმა აღშფოთებას იწვევს პოლიციის აზრს მოკლებულად სასტიკი ქმედებები - რომელიც სცემს მშვიდობიან, შეუიარაღებელ მოქალაქეებს - და სასამართლოს სრული თავნებობა. ... ეს დღეები იქცა ნამდვილ სირცხვილად რუსეთის სასამართლო სისტემისთვის“, - ვკითხულობთ მიმართვაში, სადაც შემდეგ აღნიშნულია, რომ დემონსტრანტების სასამართლო პროცესები დაემსგავსა სტალინისტური ტერორის პერიოდის „ტროიკებს“, თუმცა ეს ჯერჯერობით ადმინისტრაციული სამართალწარმოების ჩარჩოში ხდება.

მიმართვის ავტორები გამოდიან მოწოდებით, გათავისუფლდეს ყველა დაკავებული, გაუქმდეს სასამართლოების უკანონო გადაწყვეტილებები და დაიხუროს საპროტესტო აქციების შემდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები. ხელმომწერები პოლიციის თავნებობის აღკვეთას უწოდებენ „პრეზიდენტის კონსტიტუციურ მოვალეობას“.

მიმართვის ხელმომწერებს შორის არიან: მწერალი ბორის აკუნინი, სწავლული ალექსანდრ ანიკინი, რეჟისორი ივან ვირიპაევი, პოეტი სერგეი განდლევსკი, რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი, მსახიობი ჩულპან ხამატოვა, მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი და სხვები, სულ 100-ზე მეტი პირი.