ლაშა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ "პოსტივის" ხელმძღვანელად ბრუნდება

"ქართული ოცნების" პიარ-კონსულტანტი, ლაშა ნაცვლიშვილი ფეისბუკზე წერს, რომ ბრუნდება ონლაინტელევიზია POST TV-ს ხელმძღვანელად, რომელმაც უნდა დაიცვას 2012 წლის 1 ოქტომბრის მონაპოვარი.

"დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით ვბრუნდები "პოსტივის" ხელმძღვანელად. დარწმუნებული ვარ, რომ ტელევიზია, რომელიც მოხულიგნო ინტერნეტფლატფორმიდან დაიბადა და რომელმაც სულ რაღაც ერთ წელიწადში, იქ მომუშავე უნიჭიერესი ადამიანების შრომისა და სიმტკიცის წყალობით, ოთხჯერ გაზარდა საკუთარი რეიტინგი და გავლენა, უკეთესი ხარისხითა და მეტი შეუპოვრობით დაიცავს 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს!" - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

Post TV-ს არხები ფეისბუკში, "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშების მიხედვით, ერთ-ერთია იმ აქტორებს შორის, რომელიც სოციალურ მედიაში სხვადასხვა ჯგუფისა და იდეების მარგინალიზებას ცდილობს. მედიაორგანიზაციის ერთ-ერთი მეწილე შალვა რამიშვილია.