ევროკავშირის საბანკო მარეგულირებლის სერვერებზე გლობალური კიბერთავდასხმა განხორციელდა

ევროპის საბანკო ადმინისტრაცია (EBA) აცხადებს, რომ მის საფოსტო სერვერ Microsoft Exchange-ს საფრთხე დაემუქრა გლობალური კიბერთავდასხმის შედეგად, რაშიც ამერიკული კომპანია ჩინურ ჯგუფს სდებს ბრალს.

ევროპის მთავარი ფინანსური მარეგულირებელი (EBA) 8 მარტის განცხადებაში აღნიშნავს, რომ უწყება „მიმართავს უსაფრთხოების დამატებით ზომებს და გულმოდგინე მონიტორინგს ატარებს თავისი საფოსტო სერვერების სრული ფუნქციონირების აღდგენისათვის. „ამ დროისათვის EBA-ს საფოსტო ინფრასტრუქტურა დაცულია, ჩვენი ანალიზი ცხადყოფს, რომ მონაცემთა გატანა არ მომხდარა და არ არსებობს იმის ნიშანი, რომ ზიანი გასცდა ჩვენი საფოსტო სერვერების საზღვრებს“, - ნათქვამია უწყების ცნობაში.
Microsoft Exchange-ის სერვერები ფართოდ გამოიყენება უმსხვილესი კორპორაციებისა და მთავრობების ელექტრონული გზავნილების დამუშავებისთვის. გასულ კვირაში Microsoft-მა განაცხადა, რომ კიბერთავდასხმის დროს გამოიყენეს Exchange-ის ელექტრონული ფოსტის სისტემური დაუცველობა ან იყენებდნენ მოპარულ პაროლებს, რათა ისე წარმოჩენილიყო, რომ მავანს ჰქონდა სისტემაზე წვდომა.
შემდეგ ჰაკერები დისტანციურად უქვემდებარებდნენ თავიანთ კონტროლს სერვერებს და ქსელიდან მონაცემებს იპარავდნენ.

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია მიიჩნევს, რომ ჰაკერული თავდასხმის უკან დგას Hafnium-ი - ჩინეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული თავდამსხმელთა ჯგუფი. პეკინი უარყოფს ამ კიბერთავდასხმაში რაიმე მონაწილეობას.