ვაქცინაციის პირველი დღე საქართველოში - ფოტორეპორტაჟი

იმერეთში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ პირველი ვაქცინაცია ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ჩატარდა.

დღეს ქუთაისში ვაქცინაცია 4 სამედიცინო დაწესებულებაში დაიწყო. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა გოჩა გიორგიძემ განაცხადა, რომ  ამ დროისთვის თავის რიგს 30-მდე რეგისტრირებული სამედიცინო მუშაკი ელოდება. 

"იქედან გამომდინარე, რომ პირველი დღეა, აქტივობა საკმაოდ ნორმალური და მაღალია. რეგისტრაციის პროცესი ელექტრონულად გრძელდება,"-განაცხადა ექიმმა. 

17-18 მარტიდან ვაქცინაცია იმერეთის მუნიციპალიტეტებშიც დაიწყება. დამატებით დოზებს მარტის ბოლოს ელოდებიან.

 პირველი ვაქცინა იმერეთში კარდიოქირურგმა ნიკოლოზ ვაშაყმაძემ გაიკეთა, ფოტოებს კი თავის ფეისბუკზე აზიარებს.

"დღეს გავიკეთე "ასტრაზენეკას" ვაქცინა. განწყობა მქონდა და მაქვს საზეიმო, რადგან ახალი ეტაპი დადგა ჩვენს ცხოვრებაში. ვთვლი, რომ ვაქცინა არის გზა თავისუფლებისაკენ. ყველას მოვუწოდებ, ჩაიტარონ ვაქცინაცია,"-ამბობს ვაშაყმაძე.



 

პირველი ქართველი ექიმი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ზუგდიდში აიცრა. ის ევექსის კლინიკების ალერგოლოგი ლანა უბილავაა.
პროცედურამ უმტკივნეულოდ და ჯერჯერობით გართულებების გარეშე ჩაიარა.

სამეგრელო-ზემო სვანეთმა მედპერსონალის რაოდენობის შესაბამისი, 3 100 დოზა ვაქცინა მიიღო. რეგიონში ვაქცინაცია ზუგდიდიდან დაიწყო, ხვალიდან კი პროცესში ჩაერთვებიან დანარჩენი მუნიციპალიტეტებიც.

ექიმი-ბაქტერიოლოგი, ლუგარის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თამნამშრომელი თამარ გიორგაძე იყო პირველი, ვინც კორონავირუსის ვაქცინაციის პლატფორმაზე, Booking.Moh.Gov.Ge-ზე დარეგისტრირდა და დაჯავშნა ვიზიტი კლინიკაში.
დღეს ის  სხვა ექიმებთან ერთად აიცრა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს მთავარმა ეპიდემიოლოგებმაც,  
მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.​
„მინდა ყველა კოლეგას, ნებისმიერ ჩვენ თანამოქალაქეს მოვუწოდო, რომ იმისათვის, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმში, აუცილებელია, ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. პირველ რიგში, ეს ეხება, რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებს“. - განაცხადა პაატა იმნაძემ "ასტრაზენეკათი" აცრის შემდეგ.

სოცალურ ქსელში შეხვდებით ექიმების გამოქვეყნებულ Covid 19 -ის აცრის ბარათებსაც. ექიმებს ორენოვან ცნობას ვაქცინაციის შემდეგ აძლევენ. დოკუმენტში მითითებულია სად, რომელ დღეს და რა ვაქცინით აიცრა პაციენტი. აქვეა მითითებული მეორე დოზის გაკეთების თარიღიც, რომელიც "ასტრაზენეკას" შემთხვევაში 4 დან-12 კვირამდეა.

სამცხე-ჯავახეთში ვაქცინის 1 400 დოზაა ჩავიდა. 15 მარტს ახალციხეში, მხოლოდ კლინიკა "იმედის" მედპერსონალი აიცრა. 17 მარტიდან კი ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალში" , ნინოწმინდასა და ახალქალაქში დაიწყება ვაქცინაცია, ხოლო 18 მარტს ექიმები ასპინძასა და ადიგენშიც აიცრებიან.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აირრნენ, ვიზიტზე 100 ექიმი დარეგისტრირდა. მათგან 50 მდე მედიკოსმა ვაქცინა დღეს გაიკეთა და როგორც რადიო თვაისუფლებას უთხრეს, უმეტესობას კორონავირუსი გადატანილი აქვთ. სულ აჭარაში ვაქცინის 4 ათასამდე დოზაა ჩამოტანილი.

"ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის პროცესში გორის „გორმედი" და სამხედრო ჰოსპიტალია ჩართული.
 გორისთვის 1 200 დოზა ვაქცინაა გამოყოფილი. მთლიანად რეგიონისთვის კი ვაქცინის 2 600 დოზაა გათვლილი.
17 მარტიდან ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვება კასპის „მედალფა", ქარელის „გორმედი" და ხაშურის „ევექსი".
ყველა კლინიკაში 2 ბრიგადა იმუშავებს. სამხედრო ჰოსპიტალში ამისთვის სარეზერვო ბრიგადა გამოიყო. მათ სპეციალური გადამზადება უკვე გაიარეს.

კახეთის რეგიონში პირველად თელავის რეფერალური საავადმყოფოში გაუკეთეს სამედიცინნო პერსონალს "ასტრაზენეკას" ვაქცინა.

პირველი პაციენტი იყო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული ხელმძღვანელი ნელი ხიზანიშვილი. მისი თქმით, რეგიონის რვა მუნიციპალიტეტში სულ 2500-მდე მედიცინის მუშაკია, თუმცა ვაქცინის გაკეთების მსურველი ცოტაა.
თელავის შემდეგ კი უშუალოდ ვაქცინაციის პროცესი სხვა ქალაქებში 17 მარტიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე კი რეგიონს ასტრაზენეკას 1900 დოზა ვაქცინა გადასცეს.